9 განსხვავებული ტიპის ლიდერი

16.10.2017

 

 

  

“There are leaders and there are those who lead.

Leaders hold a position of power or influence.

Those who lead inspire us.”

 

აღნიშნული სიტყვებით Simon Sinek კარგად ახასიათებს ნამდვილ ლიდერს, მაგრამ საინტერესოა თუ როგორ, რა ტექნიკების გამოყენებით შეუძლია ლიდერს შთააგონოს ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ამ კითხვებზე პასუხი ცალსახა არ არის. ლიდერმა სტეიკჰოლდერების ინსპირირება შესაძლოა სხვადასხვა ხერხებით მოახერხოს, ასევე გასათვალისწინებელია მათი თვისებებიც და მართვის ფორმაც.

აღნიშნული სტატიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი ამოიცნოთ და გაანალიზოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. რა თქმა უნდა შესაძლოა თქვენი თვისებები აღმოაჩინოთ ორი სხვადასხვა ტიპის ლიდერშიც, თუმცა ეს არის ის ძირითადი 9 ტიპი ლიდერებისა, რომელიც ჩამოაყალიბა  Beatrice Chesnut-მა თავის წიგნში “9 types of leadership ”.

 

 

 

1. პერფექციონისტი, შრომისმოყვარე და ძალაუფლების მოყვარული

პირველი ტიპის ლიდერს აქვთ ტენდენცია, რომ იყოს პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, პატიოსანი, შრომისმოყვარე, სანდო და ასევე ეთიკურიც. ისინი ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევენ მაღალი დონის ჩართულობას საქმეში, ასევე ხარისხისა და სისწორის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას ყველაფერში, რასაც აკეთებენ.  პირველი  ტიპის ლიდერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რუტინულ სტრუქტურულ მუშაობასა და წესების დაცვას. სწორედ ეს ეხმარება აღნიშნული ტიპის ლიდერს ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში. ამ ტიპის ლიდერები ბუნებით დეტალებზე ორიენტირებულები, პასუხისმგებლიანები არიან.  მათი მთავარი მოტივაციაა იდიალური შედეგებისკენ სწრაფვა ნებისმიერ საქმიანობაში.

ძლიერი მხარე:

პირველი ტიპის ლიდერის მთავარი ძლიერი მხარე არის მათი გულწრფელი სურვილი, აკეთონ “სწორი” საქმე. ისინი ფოკუსირდებიან განვითარებასა და ეთიკაზე. ამ ტიპს მიეკუთვნება ლიდერი, რომელსაც აქვს თავდადება მიაღწიოს მიმდინარე პროცესების გამჭირვალობას, მას სურს შექმნას გამართული და ჯანსაღი სამუშაო სტრუქტურა.

სუსტი მხარე:

იმ შემთხვევაში თუ  პირველი სტილის ლიდერები მიიჩნევენ, რომ სხვები არასაკმარისად კარგად მუშაობენ,  შეიძლება გახდნენ უხეშები და კრიტიკულები. ზოგჯერ ისინი ცდილობენ სხვა ადამიანებზე ზედმეტი კონტროლის დამყარებას, რადგან ერთადერთ სწორ ხედვად სწორედ თავიანთი მიაჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ლიდერის მიზანი მაღალი ხარისხის მიღწევაა,  ხშირად ისინი არარეალურ მიზნებს ისახავენ, რომლის მიუღწევლობასაც მათ ქვეშემდგომებს აბრალებენ, რომლებიც თითქოსდა საკმარისად არ შრომობენ.

საბედნიეროდ,  პირველი ტიპის ლიდერებს გულწრფელად სურთ თვით-განვითარება, შესაბამისად ისინი საკმაოდ გახსნილები არიან საკუთარ თავში უარყოფითი მხარეების აღმოჩენისადმი.  ასეთი ლიდერები საკმაოდ კარგად იყენებენ მიღებულ  კონსტრუქციულ უკუკავშირს, განსაკუთრებით კი მაშინ თუ კრიტიკა არ არის ძალიან მკაცრი და ყოველთვის ცდილობენ გამოსწორონ ის პრობლემა, რომელზეც მიუთითებენ.

 

2. ჰუმანური, ემოციური და პოზიტიური სამუშაო ურთიერთობების მოყვარული

ამ ჯგუფში მოქცეულები არიან ლიდერები, რომლებიც გამოირჩევიან ემოციურობითა და ჰუმანურობით,  მათთვის მნიშვნელოვანია დასაქმებულთა ყველანაირი საჭიროება იყოს დაკმაყოფილებული, საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამენ მათ გრძნობებსაც. ამ ტიპის ლიდერი შეიძლება იყოს საკმაოდ სასიამოვნო და კეთილი ადამიანი, ამავდროულად ძლიერი და კომპეტენტურიც.  ისინი არამხოლოდ ცალკეულ პიროვნებებზე ზრუნავენ, არამედ ცდილობენ გუნდის, ორგანიზაციის თუ საზოგადოების საჭიროების დაკმაყოფილებასაც.   მათ სურთ ორგანიზაციაში დანერგონ პოზიტიური ურთიერთობები, ადამიანები, რომლებიც მათ მოსწონთ უმაღლებენ მოტივაციას და ყოველთვის ცდილობენ იყვნენ ინსპირაციის წყარო თანამშრომლებისთვის.

ძლიერი მხარე:

მეორე ტიპის ლიდერები ყოველთვის ცდილობენ მხარი დაუჭირონ სხვებს,  უთანაგრძნონ და გაუგონ მათ. მათთვის ბუნებრივია სხვა ადამიანებში  დადებითი მხარის დანახვა, ისინი ყოველთვის ცდილობენ შეინარჩუნონ პოზიტიურობა და არიან საკმაოდ სოციალურებიც.  მათ სუპერ ძალად, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ უნარი, ამოიცნონ  თანამშრომლისა თუ  მომხმარებლებლის საჭიროება და შექმნან პოზიტიური სამუშაო ურთიერთობები.

სუსტი მხარე:

მართალია, ასეთი ტიპის ლიდერები ორიენტირებულები არიან სხვების დახმარებაზე, თუმცა  ამას ახერხებენ მხოლოდ საკუთარი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის ხარჯზე. იმის მაგივრად, რომ ისინი კონცენტრირდნენ საკუთარ პრობლემებზე, უფრო მეტ დროს სხვისი პრობლემების გადაჭრას უთმობენ, რაც საბოლოოდ მათ თავს გამოფიტულად აგრძნობინებს. მეორე ტიპის ლიდერს უჭირს თანამშრომლების კრიტიკულად შეფასება, საბედნიეროდ, “მეორეების” გულწრფელი ინტერესი სხვა ადამიანების მიმართ, გარკვეულ ეტაპზე, მიახვედრებს მათ, რომ სხვებთან უკეთესი კავშრის დასამყარებლად საჭიროა პირველ რიგში ეს საკუთარ თავთან შეძლონ.

 

3. პროფესიონალი, პროდუქტიული, მიზანდასახული

მესამე ტიპის ლიდერები გამოირჩევიან საქმეზე/დავალებაზე ორიენტირებულობით. ასეთი ლიდერები კორპორატიული საფეხურების გავლის შემდეგ ხშირად ხვდებიან დიდი ორგანიზაციის სათავეებში ან აკეთებენ იმას, რისი კეთების დიდი სურვილიც გააჩნიათ. მესამე ტიპის ლიდერი წარმატებას აღწევს მუხლჩაუხრელი შრომით. მისთვის ასევე მნიშვნელოვანია მოგების მიღება, კონკურირება და გამარჯვება.

ძლიერი მხარეები:

მესამე ტიპის ლიდერს აქვს იმის უნარი, რომ  დაისახოს მიზნები, შეასრულოს დასახული გეგმა და მიიღოს სასურველი შედეგები. მას შეუძლია ენერგიულად მუშაობა და ამ პროცესისგან სიამოვნების მიღებაც. ასეთი ტიპის ლიდერს შეუძლია ნებისმიერი იმ პროდუქტის გაყიდვა/რეკლამირება, რომელზეც ის მუშაობს. მისთვის არ არსებობს მიუღწეველი მიზანი.  სხვადასხვა სიტუაციებში, ასეთი ტიპის ლიდერები მარტივად გადიან ადაპტაციას და საბოლოოდ, აღწევენ მიზანს.  გუნდური მუშაობის დროს, “მესამეების” მთავარი მოტივაციაა შეაფასონ/გაანალიზონ თანამშრომლების მუშაობის ხარისხი.

სუსტი მხარეები:

იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება მიზნის მიღწევას, მესამე ტიპის ლიდერი შესაძლოა გახდეს საკმაოდ აგრესიული და უგრძნობელი, ასეთ დროს კოლეგების აზრი მისთვის მეორეხარისხოვანია. რეალურად კი, კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, როგორ მიმდინარეობს პროცესი, აუცილებელიც კი არის თანამშრომლებს ჰქონდეთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ტიპის კომუნიკაცია.  ხშირად მეოთხე სტილის ლიდერი დიდ ყურადღებას არ აქცევს რაიმე საკითხის სიღრმისეულ შინაარს და კონცენტრირდება პრეზენტაბელურობაზე/ეფექტურობაზე.

4. ემოციური, სოციალური  

მეოთხე სტილის მქონე ლიდერები დიდ ყურადღებას აქცევენ სხვა ადამიანების ემოციებსა და გრძნობებს, მათ სურთ თანამშრომლებისთვის უზრუნველყონ ისეთი გარემო, სადაც  ისინი საკუთარი თავის იდეალურად წარმოჩენას შეძლებენ.   მეოთხე ტიპის ლიდერი შესაძლოა იყოს შრომისმოყვარე და დამთმობი.  

ძლიერი მხარეები:

მეოთხე სტილის ლიდერი ხედავს და აფასებს  ყოველდღიურ სილამაზესა და პოეტურობას.   მათ აქვთ უნარი, იგრძნონ სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობა,  ასევე ინტუიტიურად ხვდებიან სხვა ადამიანთა შორის არსებულ უხილავ ემოციურ კავშირებს.  მეოთხე ტიპის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი საუბარი, რაც ხშირად გულისხმობს ემოციების შესახებ საუბარს სამუშაო გარემოში, ამას კი ბევრი ადამიანი არიდებს თავს.  

სუსტი მხარეები:

მეოთხე ტიპის ლიდერს იმედი უცრუვდება, მაშინ როცა სხვა ადამიანები კომფორტულად არ გრძნობენ თავს ემოციების გამოხატვისას.   ისინი ზედმეტად დიდ დროს უთმობენ ადამიანის ემოციებში და მათ შორის არსებულ ურთიერთობებში გარკვევას. ამ ტიპის ლიდერს სჯერა, რომ გუნდში კარგი ემოციური ფონის შესაქმნელად შესაძლოა საჭირო გახდეს, გუნდის წევრებმა უარი თქვან გარკვეულ პირად მოთხოვნილებებზე.  მაშინ როცა, გუნდის წევრები შეძლებენ დააბალანსონ საკუთარი ემოციები და მოთხოვნილებები,  ისინი შეძლებენ თავიანთი სხვადასხვა ნიჭის სრულად წარმოჩინებას. 

 

5. დამკვირვებელი. დამოუკიდებელი, ექსპერტი საკუთარი საქმის.

მეხუთე ტიპის ლიდერს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “მოაზროვნე ლიდერი”.  მათთვის სასიამოვნო პროცესია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. თუმცა, როცა საქმე ეხება ლიდერის ემოციურ მხარეს, მათ წინაშე უფრო დიდი გამოწვევა დგას.  ხშირად ზედმეტად თავმდაბალი და მორცხვი, მეხუთე სტილის ლიდერი, თავს არიდებს ყურადღების ცენტრში ყოფნას და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საქმის დამოუკიდებლად კეთების დროს. ისინი ნამდვილი ექსპერტები არიან საკუთარი საქმის, შესაძლოა ტექნოლოგიების დარგშიც იყვნენ ინოვატორები. იმის მიუხედავად თუ რას აკეთებს მეხუთე სტილის ლიდერი, ცდილობს სიღრმისეულად გაეცნოს საკითხს, რათა შემდგომ  სხვებისთვის გახადოს იგი ადვილად გასაგები.

ძლიერი მხარეები:

მეხუთე ტიპის ლიდერები გამოირჩევიან ინფორმაციის შეგროვებითა და შეფასების მაღალი ხარისხით. მათ უყვართ დამოუკიდებლად მუშაობა.  მათი მიზანია გახდნენ იმ სფეროს ექსპერტები, რომელშიც მუშაობენ და ხშირად ამას აღწევენ კიდევაც.

სუსტი მხარეები:

დამოუკიდებლად შრომის სიყვარულმა მეხუთე ტიპის ლიდერი შესაძლოა ჩამოაშოროს მის თანამშრომლებს. მისთვის რთულია ჰქონდეს მუდმივი კონტაქტი სხვა ადამიანებთან, რადგანაც შეჩვეულია და მოსწონს დამოუკიდებლად მუშაობა. მხოლოდ საქმეზე კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თანამშრომლებისგან ემოციურად მისი ჩამოშორება, ისინი არაკომფორტულად და უხერხულად გრძნობენ თავს, როდესაც უწევთ სხვა ადამიანების ემოციებთან გამკლავება.  იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტიპის ლიდერები არიან საკმაოდ თავმდაბლები, შეიძლება მაშინ გამოავლინონ სისუსტე, როდესაც საჭიროა ძალისა და ძლიერი ემოციების გამოჩენა.

საბედნიეროდ, მეხუთე სტილის ლიდერები, საქმისადმი არსებული გულწრფელი ინტერესის გამო, ახერხებენ პოზიტიური ზეგავლენის მოხდენას გუნდის წევრებზე. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია პირადი სივრცის არსებობა და დამოუკიდებლობა, როდესაც ისინი თავს ღირებულად გრძნობენ, კომუნიკაციაში უფრო მარტივად შედიან და უზიარებენ სხვებს თავიანთ მოსაზრებებს

6. სკეპტიკური, ფრთხილი პრობლემების მიმართ

მეექვსე ტიპის ლიდერები მიდრეკილები არიან მოსალოდნელი საშიშროებების რისკებისა შეფასებისა და პრობლემების გადაჭრისკენ. ხშირად აანალიზებენ მოვლენების განვითარების სავარაუდო ვარიანტებს და ეძებენ საუკეთესო გამოსავალს. საუბარში და დისკუსიაში ასეთი ტიპის ლიდერები სიმტკიცეს, საგნის სიღრმისეულ ცოდნას და ინტელექტს ავლენენ, თუმცა ნებისმიერ საკითხში მათ სუსტის მხარდაჭერის ჟინიც ამოძრავებთ, ამიტომ მათ ყველა საქმიანობაში ჩანს მათი გამბედავი და რევოლუციური ხასიათი.

ძლიერი მხარეები:

მეექვსე ტიპის ლიდერების სუპერ ძალები მოიცავს რისკების და საშიშროებების ზუსტ შეფასებას, მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ განსაზღვრას, დაგეგმვას და სიღრმისეულ ანალიზს მუშაობის პროცესში.

სუსტი მხარეები:

მეექვსე ტიპის ლიდერს იმდენად მაღალ დონეზე აქვს პრობლემების გადაჭრის უნარი გამომუშავებული, რომ ის ყველგან მოსალოდნელ პრობლემებს ეძებს და შეიძლება იმდენად იყოს ამაზე ორიენტირებული, რომ გარშემომყოფებმა ზედმეტად პესიმისტებადაც აღიქვან. მისთვის ხშირად, ზედმეტი ფიქრისა და ანალიზის გამო, გადაწყვეტილების მიღების პროცესიც ზედმეტად ხანგრძლივია. მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე ტიპის ლიდერი ლოიალური და სანდოა, თავად შესაძლოა გაუჭირდეს სხვების ნდობა და პოზიტიურ შედეგზე ფიქრი.

საბედნიეროდ, უსაფრთხოებისკენ მიდრეკილების გამო ასეთი ტიპის ლიდერი ხშირად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ისწავლოს სხვა ადამიანების ნდობა იმისთვის, რომ აამაღლოს პროდუქტიულობა საკუთარ გუნდში. რისკებთან და საინტერესო პრობლემებთან გამკლავებისას ისინი ხშირად კარგ სამსახურეობრივ ურთიერთობებს ამყარებენ და ანალიტიკური უნარების გამოყენებით სწავლობენ მოსალოდნელ პოზიტიურ შედგზე ფიქრსაც.

7. ინოვატორი, ოპტიმისტი, მომავალზე ორიენტირებული

მეშვიდე ტიპის ლიდერები მომავალზე ორიენტირებული იდეალისტები არიან, ბრეინსტორმინგისა და წარმოდგენის ჩარჩოებს გარეთ გასვლის ნიჭით, რაც მათ უამრავი ახალი იდეის გენერირებასა და ახალი შესაძლებლობების დანახვაში ეხმარებათ. ურთიერთობიდან შესაძლოა უბრალოდ სიამოვნების ან სანაცვლოდ რაიმეს მიღების სურვილი ჰქონდეთ, თუმცა არასდროს კარგავენ ანტერპრენერულ სულს და ჰორიზონტის გაფართოების სურვილს.

ძლიერი მხარეები:

მეშვიდე ტიპის ლიდერის სუპერ ძალები მოიცავს მუდმივად დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნებას, ინოვაციური და კრეატიული გეგმების შემუშავებას და საკუთარი ენთიზიაზმითა და განსხვავებული ხედვით სხვების შთაგონებას.

სუსტი მხარეები:

მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე ტიპის ლიდერს კარგად შეუძლია სხვა ადამიანების მოტივირება, ის ხშირად ცდილობს თავიდან აირიდოს რთული, თუმცა საჭირო მოლაპარაკებები. ოპტიმიზმისა და გართობის სიყვარულის გამო ხშირად პრობლემები ექნებათ, როდესაც რთულ გარემოებებსა და წინააღმდეგობებს ეჩეხებიან. ჩარჩოებს მიღმა ფიქრის სიყვარული მათ ხელს უშლით მუშაობისას ობიექტური შეზღუდვებისა და პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებაში.

საბედნიეროდ, მეშვიდე ტიპის ლიდერს ასევე ეფექტურობისა და მიზნის მიღწევისკენ აქვს სწრაფვა, რაც ეხმარება მას დაინახოს, თუ როგორ შეიძლება მისმა თვისებებმა უარყოფითი გავლენა იქონიონ საბოლოო შედეგზე. იდეალურ შემთხვევაში, ასეთი ტიპის ლიდერები ბალანსს იჭერენ პოზიტიურ მოლოდინებსა და პოტენციურ ლიმიტებთან შეგუებას შორის.   

8. გამბედავი, ძალაუფლების მოყვარული

მერვე ტიპის ლიდერები მიდრეკილები არიან ძალაუფლების ძიებისკენ. ისინი ფიქრობენ სტრატეგიულად, ხედავენ ფართო სურათს და დიდ ყურადღებას აქცევენ დაქვემდებარებულების მენტორობას. მათი ძალაუფლებისა და გამბედაობის გამო შესაძლოა ასეთი ტიპის ლიდერები გარშემომყოფებისთვის საშიშადაც კი გამოიყურებოდნენ. საკუთარი მონდომებისა და ძალის გაერთიანებით ისინი ახერხებენ გაბედულად და სწრაფად მოაგვარონ პრობლემები.

ძლიერი მხარეები:

მათი მთავარი იარაღი მათი ძალაა. მეშვიდე ტიპის ლიდერებს მარტივად გამოსდით რთულ გამოწვევებთან შეჭიდება, მტკიცე და სახიფათო ნაბიჯების გადადგმა და საკუთარი ძალისა და შემართების სხვებისთვის განაწილება.

სუსტი მხარეები:

მეშვიდე ტიპის ლიდერებს ხანდახან უჭირთ საკუთარი ენერგიისა და ძალის მოთოკვა. მათი გონება იმდენად შეპყრობილია გავლენის მოპოვებაზე, რომ დეტალებსა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე დასაფიქრებლად მოთმინება არ ჰყოფნით. მათი ძლიერი და მიზანდასახული ხასიათის გამო ზოგჯერ მარტივად შედიან კონფლიქტურ სიტუაციებში.

საბედნიეროდ, მათი მიზანდასახულობა ასევე ეხმარება მათ საკუთარი ენერგიის ხასიათისა და ქცევის კონტროლისკენ მიმართვაში, რაც ეხმარებათ გააანალიზონ მათი გავლენა გარემოზე და უფრო მარტივად მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

9. კონსესუსის მაძიებელი, კონფლიქტების განმმუხტავი

მეცხრე ტიპის ლიდერები მომართულები არიან გარშემომყოფების დახმარებაზე და ხშირად ამას შეუმჩნევლად და ჩუმად ახერხებენ. მათ არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ურჩევნიათ ისე მართონ და იზრუნონ საქმის ეფექტურად შესრულებაზე, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ. მეცხრე ტიპის ლიდერები პრაქტიკულები, შრომისმოყვარეები, თუმცა სენსიტიურები და თავმდაბლები არიან და ყოველთვის მზად არიან იზრუნონ საკუთარ გუნდზე, ორგანიზაციასა თუ საზოგადოებაზე, თუნდაც ამისთვის პირადი ინტერესების შეწირვა გახდეს საჭირო.

ძლიერი მხარეები:

მეცხრე ტიპის ლიდერის სუპერ ძალებია სხვების დახმარება და ხელშეწყობა, ყველას აზრის მოსმენა და გათვალისწინება და დიპლომატიური მოლაპარაკებები.

 

სუსტი მხარეები:

მეცხრე ტიპის ლიდერს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ხანდახან უჭირს საკუთარი აზრის მყარად დაფიქსირება და საქმის თამამად გაძღოლა. შეიძლება ისე იყვნენ კონცენტრირებული სხვების აზრის გათვალისწინებაზე, რომ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისთვის დრო აღარ დარჩეთ. თავიდან ირიდებენ კონფლიქტებს და ამიტომ დიდ დროს ხარჯავენ პროექტებსა და საქმიანობებში იმის მოლოდინში, თუ როდის შეთანხმდება მთელი გუნდი ერთ აზრზე.

საბედნიეროდ, მეცხრე ტიპის ლიდერების ჰარმონიულად მუშაობისკენ მიდრეკილება აძლევს მათ იმის მოტივაციას, რომ გაიაზრონ საკუთარი სურვილების უარყოფითი გავლენა საქმეზე. თუ ისინი მოახერხებენ იმის გააზრებას, რომ ხანდახან კონფლიქტის თავიდან არიდება შეუძლებელია და ეს სასარგებლოც კია, შეუძლიათ ბალანსის დაჭერა ჰარმონიისა და კომფორტისკენ მიდრეკილებასა და საქმის სიყვარულს შორის.

 

 

 

სტატიის ავტორები:

თამარ ცისკარიშვილი

ციცი ქიტოშვილი

შემდეგი