ლელა კუპრაშვილი და დავით გამყრელიძე ინგლისურენოვან მსს ფასს ტრენერთა ტრენინგთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G-ის) გრანტის ფარგლებში კომპანია SavvY-ის ორგანიზებით 8-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით ინგლისურენოვან მსს ფასს ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის ცნობიერების ამაღლების პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მთავარი ინიციატორიც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურია. კონკურსის გზით შეირჩა 30 საუკეთესო მსს ფასს ტრენერი. ტრენინგს უძღვებოდა აღრიცხვიანობის განათლებისა და ტრენინგების საერთაშორისო კონსულტანტი, მაიკლ უელსი.

ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით ტრენერთა ტრენინგში მონაწილე დავით გამყრელიძესა და ლელა კუპრაშვილს:

რატომ დაინტერესდით ამ კონკურსით, რა იყო თქვენი მოტივაცია?

ლელა: ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ახლო შეხება მაქვს მსს ფასს სტანდარტთან და ყოველთვის ვცდილობ მეტი ვისწავლო. მქონდა კითხვები სტანდარტის რთულად გასაგებ პუნქტებთან დაკავშირებით და როდესაც გავიგე, რომ ჩატარდებოდა ტრენინგი, რომელსაც გაუძღვებოდა აღრიცხვიანობის განათლების და ტრენინგების საერთაშორისო კონსულტანტი, მივხვდი რომ ამ შესაძლებლობის გაშვება დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.

.

 

კონკურსის რომელი ეტაპი იყო თქვენთვის ყველზე რთული და რა შედეგს ელოდით?

 ლელა: კონკურსის ეტაპებს შორის ყველაზე რთული იყო პრეზენტაციის წარდგენა, თუმცა დადებით შედეგს ველოდი, ვინაიდან საკმაოდ დიდ აუდიტორიასთან ტრენინგების ჩატარების საკმარისი გამოცდილება მაქვს.

რა მოგცათ აღნიშნულმა ტრენინგმა და როგორ აპირებთ იმ ცოდნის გამოყენებას, რომელიც აქ მიიღეთ?

დავით: მსს ფასს სტანდარტების ინგლისურენოვანი ტრენერების ტრენინგის მთავარი ძლიერი მხარე იყო პრაქტიკაზე ორიენტირებული კონტენტი. კერძოდ, საშუალება გვქონდა ძირითადი დრო დაგვეთმო განსჯის (Judgement) უნარების გაძლიერებაზე და სხვადასხვა ქეისების პრაქტიკული ასპექტების განხილვაზე. ვფიქრობ მიღებული ცოდნა გამომადგება ყოველდღიურ საქნმიანობაში, ისევე როგორც ტრენინგების ჩატარებასა და ცოდნის გაზიარების  პროცესში.

ლელა: ტრენინგის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ჩემს ყველა კითხვაზე მიმეღო სრული და კვალიფიციური პასუხი. აგრეთვე ტრენინგმა შეძლო სულ სხვა კუთხით დაენახვებინა მსს ფასს სტანდარტი. განმევითარებინა უნარი სწორად იმსჯელო სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებისას ისეთი საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სტანდარტი პირდაპირ არ განსაზღვრავს. შეძენილი ცოდნა პირველ რიგში გამომადგება ჩემს საქმიანობაში, გარდა ამისა ვაპირებ მიღებული ცოდნა გავუზიარო სხვებსაც, ტრენინგების ჩატარების გზით. ჩემი მიზანია ხელი შევუწყო აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში ცოდნის დონის ამაღლებას, რაშიც აქამდეც აქტირუად ვიყავი ჩართული და მომავალშიც ვაპირებ იგივე ტემპით გავაგრძელო.

როგორ შეაფასებდით უშუალოდ ტრენინგს (ორგანიზების თვალსაზრისით)?

დავით: ტრენინგი იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული, კერძოდ კარგად იყო შერჩეული ტრენინგის ჩატარების ადგილი, სწორად და ლოგიკურად იყო გაწერილი გრაფიკი,  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მუდმივი კომუნიკაცია ორგანზატორებთან და ა.შ.

როგორ შეაფასებდით უშუალოდ ტრენინგს (შინაარსობრივი თვალსაზრისით)?

დავით: ტრენინგი გამორჩეული იყო სხვა სტანდარტული ტრენინგებისგან, პირველ რიგში, სწორედ თავისი შინაარსით. განვმეორდები და ვიტყვი, რომ  მისი მთავარი უპირატესობა გამოიხატებოდა პრაქტიკაზე ორიენტირებულობაში. ანუ შინაარსი იყო ნაზავი თეორიული წესებისა და პრაქტიკული მაგალითების და ქეისების. თავის მხრივ, ეს ყოველივე მიმართული იყო სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო და აუცილებელი უნარის – განსჯის უნარის – გამომუშავებასა და განვითარებაზე.

როგორ შეაფასებდით ტრენერს?

დავით: ვთვლი, რომ ტრენერი იყო მაღალკვალიფიციური და ერთ-ერთი საუკეთესო ამ სფეროში. მისი ძლიერი მხარეებიდან გამოვარჩევდი სტანდარტების თეორიული ნაწილის სრულყოფილ ცონდას, სხვადასხვა ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას, აუდიტორიასთან მუშაობისა და მასალის გასაგებად და თანმიმდევრულად გადმოცემის უნარებს.

რას ურჩევდით ქართულენოვან ტრენერთა ტრენინგის კონკურსის მონაწილეებს?

ლელა: ჩემი რჩევა იქნება არ გაუშვან ეს შესაძლებლობა ხელიდან და თავი არ დაზოგონ კონკურსში გასამარჯვებლად. აგრეთვე კარგად მოემზადონ ტრენინგის ეტაპისთვის, კიდევ ერთხელ გაიხსენონ მსს ფასს რათა მოაგროვონ ყველა ის კითხვა, რომელიც მათ გააჩნიათ სტანდარტთან დაკავშირებით. ეს მათ დაეხმარება სატრენინგო დროის უფრო ეფექტურად გამოყენებაში.

თქვენი აზრით, რამდენად დაეხმარება ეს პროექტი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულებაში?

ლელა: როგორც ვიცით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა, რისთვისაც მათ დასჭირდებათ მსს ფასს სტანდარტის ცოდნა. პროექტი ითვალისწინებს სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებული ბუღალტრების დატრენინგებას, რათა მოხდეს მათი ცოდნის ამაღლება, რაც მათ დაეხმარება მოამზადონ მსს ფასს სტანდარტის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგება.

დავით: ვფიქრობ, პროექტი აუცილებლად დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რამეთუ გადამზადებული ტრენერები თავის მხრივ გადაამზადებენ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს. მარტივად, რომ ვთქვათ მოხდება იმ ცოდნის გაზირება, რისი დეფიციტიც არის ამჟამად ბაზარზე. ამ მხრივ აღსანიშნავი ფაქტია, ისიც, რომ მიმდინარეობს მსს ფასს სტანდარტების სატრენინგო მასალების თარგმნა და ქართულ რეალობაზე მორგება, რაც ვფიქრობ, კიდევ უფრო წარმატებულს გახდის პროექტს.