IFRS - ძირითადი საშუალებების მართვა

08.06.2017

2016 წელს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს; IFRS) საკითხი. ვინაიდან აღნიშნული სტანდარტების მიმართ ცნობადობა ქვეყანაში დაბალია, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2017 წელს IFRS ბუღალტრების, რეპორტინგის პროფესიონალებისა და ფინანსისტების მთავარი გამოწვევა იქნება.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებიდან გამოვყოფთ საქართველოს რეალობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს - ძირითად საშუალებებს (ბასს 16). აღსანიშნავია, რომ ეს სტანდარტი დაკავშირებულია ძირითადი საშუალებების აღიარებას, შეფასებასა და ზოგად მართვასთან. ბასს 16-ის თანახმად, ძირითადი საშუალების ერთეული, რომელიც აკმაყოფილებს აქტივის აღიარების კრიტერიუმებს, უნდა შეფასდეს მისი თვითღირებულებით. ფასს-ზე ტრანზიციის კუთხით კომპანიებს  უფლება აქვთ ძირითად საშუალებებთან მიმართებაში გამოიყენონ რეალური ღირებულება, როგორც პირობითი საწყისი ღირებულება.

დღეს არსებული ძირითადი საშუალებების მართვისგან განსხვავებით, ფასს-ის მიხედვით ანგარიშგებისთვის პირველ რიგში აუცილებელია  კომპანიისთვის შეირჩეს ძირითადი საშუალებების აღიარების შემდგომი შეფასების მეთოდი: თვითღირებულების ან გადაფასებული ღირებულების მოდელი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია, დანადგარების ტექნოლოგიური გაუმჯობესებებიდან გამომდინარე, არ განიცდის ძალიან დიდ რყევებს  ან თუ თქვენი კომპანიის ძირითადი საშუალებები არ უფასურდება დადგენილი სასარგებლო მომსახურების ვადაზე სწრაფად, სიმარტივისთვის გირჩევთ, განაგრძოთ ძირითადი საშუალებების შეფასება თვითღირებულების მეთოდით.

შემდეგი ნაბიჯია ერთეულების დონეზე ძირითადი საშუალებების გადანაწილება რამდენიმე ჯგუფის მიხედვით. მაგალითად: მიწა, შენობები, დანადგარები, საოფისე აღჭურვილობა, დაუმთავრებელი მშენებლობა და ა.შ.

თითოეული ჯგუფი შემდგომ უნდა  დანაწევრდეს ქვეკატეორიებად. მაგალითად: საოფისე აღჭურვილობის ჯგუფში შესაძლებელია გვქონდეს: კომპიუტერი, მაგიდა, თარო, ტუმბო, პრინტერი, სკანერი და ა.შ.

ამასთანავე, თქვენი კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოთ  შესაბამისი ცვეთის დარიცხვის მოდელი და  თითოეული ქვეკატეგორიისთვის, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობის შედეგად, განსაზღვროთ სასარგებლო მომსახურების ვადა წლების მიხედვით. და ბოლოს, ფასს-ზე ტრანზიციის თარიღისთვის აუცილებელია ჯგუფების მიხედვით დაგროვილი ცვეთისა და მიმდინარე პერიოდის ცვეთის ხარჯის გადათვლა.

ამასთანავე შეგახსენებთ, რომ ძირითადი საშუალებების კუთხით ფინანსური ანგარიშგების შენიშვნებში უნდა იყოს მოცემული შემდეგი ინფორმაცია:

  1. პირველადი ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებული შეფასების საფუძველი
  2. ცვეთის დარიცხვისთვის გამოყენებული მეთოდები
  3. აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადა
  4. პერიოდის საწყისი და საბოლოო საბალანსო ღირებულების შეჯერება
  5. საკუთრების უფლებაზე არსებული შეზღუდვები და ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ძირითადი საშუალებების ღირებულება
  6. ძირითადი საშუალებების შეძენის პოტენციური სახელშეკრულებო ვალდებულებების თანხა

კომპანიაში ამ პროცესის დასაწყებად ჩვენი რეკომენდაციაა - პირველ რიგში შეადგინეთ ერთეულის დონეზე დანაწევრებული ძირითადი საშუალებების რეესტრი. ამავდროულად, მოიძიეთ თქვენი კომპანიის მსგავსი ინდუსტრიის საჯარო ფინანსური ანგარიშგებები (აუცილებელია იყოს ფასს-ის მიხედვით მომზადებული) და შეაფასეთ, თუ რომელ მეთოდს იყენებენ მსგავსი კომპანიები ან ზოგადად ინდუსტრია.

 

 

სასარგებლო მომსახურების ვადების მართვის კუთხით აუცილებელია, საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ გადაიხედოს დადგენილი ვადები. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში სასარგებლო მომსახურების ვადა უნდა დაკორექტირდეს და აისახოს მიმდინარე მდგომარეობა.

ამ სამუშაოების შედეგი, კორექტირების სახით, უნდა გატარდეს შესაბამის ანგარიშებზე და შემდგომ დაკორექტირდება როგორც ფინანსური მდგომარეობის, ისე სრული შემოსავლების უწყისი.

 

 

ავტორი

მარიამ ქოიავა

შემდეგი