ვინ შეკაზმავს აზიურ დრაკონს?

„როდესაც წყალს სვამთ, გახსოვდეთ წყარო“  (ჩინური ანდაზა)

ყველგან, სადაც ქართული მცირე ბიზნესის გამოწვევებზე არის საუბარი, შეხვდებით დაფინანსების ხელმისაწვდომობის და პერსონალის კვალიფიკაციის პრობლემას. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ მცირე ბიზნესს აკლია გამბედაობა და მასშტაბური სურათის წარმოსახვა, თუ გინდათ დავარქვათ ამბიცია ან ხედვა. ‘აკლიათ’ არ ნიშნავს, რომ არ აქვთ, ხოლო ვისაც აქვს და მასშტაბურად ბედავს, წარმატებასაც აღწევს.

განსაკუთრებით ახლა არის სწორედ გაბედვის და ვიზიონერობის დრო, როდესაც გლობალური კრიზისია და არნახული მასშტაბის განუსაზღვრელობის (Uncertainty) და ჩახლართულობის (Entanglement) წინაშე ვართ, რადგან ყველა კრიზისი ქმნის ახალ გამოწვევებს და ახალ შესაძლებლობებს.

როდესაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი დაიწყო, მსოფლიო დადგა ისეთი ახალი პარადიგმების წინაშე, როგორიცაა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი. გერმანელი ჰანცი, რომელიც თავის ფულად დანაზოგს საბანკო ანაბარზე ინახავდა და მშვიდი ცხოვრებისთვის ემზადებოდა, აღმოჩნდა, რომ სარგებლის მიღების ნაცვლად, აქეთ უნდა უხადოს ფული ბანკს. მეორე მხრივ, მცირე კომპანიებს საშუალება მიეცათ ისტორიაში ყველაზე იაფად აიღონ სესხი და განავითარონ ან გააძლიერონ თავიანთი ბიზნესი.

როდესაც 2019 წელს კოვიდ პანდემია დაიწყო და ქვეყნებმა ურთიერთმიმოსვლა შეწყვიტა, ყველა სატრანსპორტო თვითმფრინავი მიწას მიეჯაჭვა. სატრანსპორტო თვითმფრინავებს, ამანათების და მცირე გაბარიტული ტვირთების მნიშვნელოვანი წილი გადაჰქონდათ. ამ კრიზისმა კომპანიებისთვის მყისიერი ლოგისტიკური პრობლემა წარმოშვა. ყველა, ვინც, ასე თუ ისე, ბიზნეს საქმიანობაში ტვირთის გადაზიდვის საკითხს შეეხო, დიდ გამოწვევას წააწყდა. მიზეზებს არ ჩავუღრმავდები, თუმცა, ეს გამოწვევა პანდემიური შეზღუდვების და რეგულაციების გამკაცრების გარდა, დაკავშირებულია როგორც ჩინეთის ექსპორტის ზრდასთან და პანდემიის შედეგად ადამიანური რესურსების ნაკლებობასთან, ასევე, გლობალურ, ახალ პოლიტიკურ ჭიდილთან (აშშ-ჩინეთი).

საჰაერო გადაზიდვებში მიწოდების მნიშვნელოვანი დეფიციტია. Turkish Cargo (თურქიშ ეარლაინის განაყოფი), რეგიონში მთავარი საჰაერო კარგო გადამზიდავი, დელექსი თუ სხვა უფრო მცირე კომპანიები, ერთობლივად ვერ აკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნას, რაც, თავის მხრივ, გადაზიდვის ღირებულებას ზრდის. საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და იგივე პრობლემის წინაშე დგას. ქართული კომპანიების საყოფაცხოვრებო პროდუქციის იმპორტის მთავარი წყაროდან – ჩინეთიდან, აშშ-დან და ევროპიდან ერთი კგ. ტვირთის გადაზიდვის ღირებულება არც მეტი, არც ნაკლები 200-300%-ით გაეზარდათ.

ქართული კომპანიების ლოგისტიკური დილემა შემდეგია: ქართულ ბიზნესს არ ჰყავს რეგულარული საჰაერო გადაზიდვების მიმწოდებლები და სრულად საგარეო გადაზიდვებით სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუ საგარეო მოთამაშეები ტვირთბრუნვის პრობლემას სწრაფად მოაგვარებენ, გადაზიდვის ღირებულება პრე-პანდემიურ ნიშნულს დაუბრუნდება და ლოგისტიკური პრობლემის გადაჭრის ახლებური გზების ძიებაზე და ინვესტირებაზე ძალისხმევა არ ღირს. მეორე მხრივ, თუ ლოგისტიკური მარწუხი შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (2 წელი და მეტი) არ შესუსტდება, ახალი არხების მოძიებას და დამატებით ინვესტირებას ვერ ავცდებით. სწორედ ეს ბოლო ალტერნატივაა ახალი შესაძლებლობების ფანჯარაც.

დილემის რომელი მხარე იმარჯვებს არაპროგნოზირებადია. თუმცა, ახალი ლოგისტიკური არხების შექმნა ბრდღვნად ღირს, რადგან ლოგისტიკური პრობლემის გადაჭრა გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობა ხდება და საქართველოს რეზიდენტ კომპანიებს, თავიანთი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ უპირატესობის გამოყენების, ფანჯრიდან საერთაშორისო ვაჭრობისთვის მომხიბლავი ნაწნავის გადაგდების, შესაძლებლობა ეძლევათ. ჩინეთიდან, თუ ინდოეთიდან, საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით რეგულარული ავია ლოგისტიკური ჰაბის მოწყობა, ამბიციური გეგმაა, ვერაფერს იტყვი!

იგი ამავდროულად დიდი გამოწვევაცაა, რადგან ეს ფანჯარა სწრაფად იხურება და შესაბამისად, სწრაფი პასუხია საჭირო. ასევე, ავია გადაზიდვების ლოგისტიკური ჰაბის მოწყობა ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის გამკლავებას საჭიროებს:

1. კომპანიამ, რომელიც გადაწყვეტს ტვირთბრუნვის დეფიციტის ნაპრალში თავისი სოლის ჩარჭობას, უნდა გადაწყვიტოს, საიდან მოიყვანოს ათეული მილიონი დოლარის ღირებულების სატვირთო საჰაერო ხომალდ(ებ)ი და უნდა აჯობოს მისნაირ კომპანიებს, რომლებიც ამ თვითმფრინავების „დათრევაზე“ მისნაირად მუშაობენ. გადაწყვეტა სისწრაფეშია: სწრაფი მოკვლევა, სწრაფი პასუხი, სწრაფად თანხის მოზიდვა.

2. კომპანიის, რომელიც გადაწყვეტს და შეარჩევს სატვირთო ავია ტრანსპორტს, შემდეგი გამოწვევა ოპტიმალური დაფინანსების წყაროს მოპოვებაა, რადგან საჰაერო ხომალდის დაფინანსება კაპიტალინტენსიური ბიზნესია. თვითმფრინავს ესე, პირდაპირ არავინ ყიდის და მით უმეტეს, არავინ ყიდულობს. საჰაერო ხომალდების ოპერირებისთვის სხვადასხვა საიჯარო სქემები გამოიყენება და ასე ხდება ფინანსური ტვირთის განაწილება ხანგრძლივ პერიოდში. დამატებითი გამოწვევა ის არის, რომ საქართველოს შემთხვევაში, საბანკო სასესხო პროდუქტებით სრულად სარგებლობა თითქმის გამორიცხულია, შესაბამისი საოპერაციო რისკების მართვის გამოცდილების არ არსებობის და მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საჭიროების გამო. ამ გამოწვევას დაფინანსების სტრუქტურირებით უნდა გაეცეს პასუხი, სხვადასხვა არსებული საინვესტიციო ფონდების ჩართვით.

3. რეგულარული სატვირთო მარშრუტი ინდოეთიდან და ჩინეთიდან საქართველოს გავლით ევროპაში ჯერ არ არსებობს, ამიტომ საჰაერო ხომალდის ოპერატორმა კომპანიამ უნდა დაგეგმოს და შეიმუშაოს საოპერაციო გეგმა და შექმნას რეგულარული მარშრუტი. საჰაერო ხომალდით საქართველოდან ოპერირება საჰაერონავიგაციის ზედამხედველობის ქვეშაა და მათგან სერტიფიცირებას და ავტორიზაციას მოითხოვს (ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა). ამ გამოწვევის გამკლავებას ძალიან სპეციფიკური კვალიფიკაცია სჭირდება.

4. რადგან საჰაერო ტრანსპორტით ავია გადაზიდვების ოპერირება სპეციფიკური და კომპლექსური საოპერაციო საქმიანობაა, ალბათ ყველაზე მთავარი გამოწვევა პერსონალია. ამ გამოწვევასთან გამკლავება საჭიროებს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას და ეს შესაძლებელია სხვა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით და ხელშეწყობით, რაც საქართველოში საკმაო რაოდენობით არის. თუმცა, მთავარი რისკი სწორედ საოპერაციო საქმიანობის სწორად წარმართვაშია და ქართული კომპანია, რომელიც ამ ბიზნესში შესვლას გარისკავს, უნდა დარწმუნდეს, რომ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის საინჟინრო, საფრენოსნო, გაყიდვების ორგანიზების შესაბამისი პერსონალი.

5. და ბოლოს, სწორი კომუნიკაცია და ტვირთების შეკრება პერსონალის კვალიფიკაციის ის ნაწილია, რომელიც ცალკე გამოწვევად უნდა გამოვყოთ. ერთია ის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ტვირთების გადაზიდვაზე ჭარბი მოთხოვნაა, თუმცა, მეორეა უზრუნველყო ამ ტვირთის შენს კომპანიაში მოზიდვა და საჰაერო ხომალდის რეგულარული ფრენების შესაბამისი დატვირთვა. ეს სწორად ის “Know how”-არის, რომლის ცოდნაც ამოსავალი წერტილია ამგვარი სარისკო და ამავდროულად მომხიბლავი გადაწყვეტილების მისაღებად.

ქართულ კომპანიებს აქვთ შანსი ახალი გამოწვევები თავიანთ შესაძლებლობად აქციონ. მათ უნდა გაბედონ და სარისკო გადაწყვეტილებები მიიღონ. რაც მთავარია, უნდა იცოდნენ, რომ კომპლექსურ და რთულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი მარტო არ არიან.

 

საავტორო ბლოგი. ნიკა ქოიავა