HR-PNG

თანამშრომლების შეფასება HR სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კომპანიის შედეგების მართვის ერთ-ერთ კომპონენტად გამოიყენება და გარკვეული პერიოდულობით გუნდის წევრების ინდივიდუალური შედეგებისა და მთლიანი კომპანიის მიზნების მიმართ კონტრიბუციის ანალიზს გულისხმობს. ეს პროცესი მენეჯმენტს, ერთი მხრივ, ეხმარება შეაფასოს კომპანიის შედეგები ინდივიდუალური და გუნდური შედეგების გაანალიზების გზით და, მეორე მხრივ, თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

თანამშრომლების შეფასების რამდენიმე მიდგომა არსებობს. კომპანიის საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, როგორც რომელიმე მათგანის პირდაპირ გამოყენება, ასევე გარკვეული ჰიბრიდული ვერსიის შექმნაც. გაგაცნობთ რამდენიმე ყველაზე ხშირად გამოყენებულ მეთოდს:

360-გრადუსიანი შეფასება – ამ მეთოდის გამოყენებით თითოეული თანამშრომლის შეფასება შესაძლებელია მასთან სამუშაო ურთიერთობაში მყოფი ყველა პირის მიერ. ეს პირები შეიძლება იყვნენ: თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელი, თანაგუნდელი, დაქვემდებარებული, მომხმარებელი ან მომწოდებელი. ასევე, შესაძლებელია, თვითშეფასების კომპონენტის გამოყენებაც. ეს მეთოდი საკმაოდ შრომატევადია განხორციელების კუთხით, თუმცა, მაქსიმალურად ყოვლისმომცველ და ობიექტურ სურათს ქმნის.

შედეგების მიხედვით შეფასება – ამ მეთოდის ბევრი ვერსია და სახელი არსებობს. მთავარი იდეა კი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული მიდგომით, კომპანია თანამშრომლების შეფასებას მისი ინდივიდუალური შედეგების მიხედვით ახდენს, რომლებიც რიცხვებში უნდა იყოს გამოსახული და შეესაბამებოდეს მთლიანი კომპანიის რიცხობრივ მიზნებს. შეფასების ეს სისტემა ეხმარება კომპანიას, რომ მიღწევაზე ორიენტირებული კულტურა შექმნას და მიღწეულ შედეგებს შეუსაბამოს სხვადასხვა ფინანსური ან არაფინანსური წახალისების სისტემებიც.

შეფასება სამუშაო აღწერილობის მიხედვით – ეს მეთოდი ძალიან პრაქტიკული და მარტივია. კარგად შედგენილი სამუშაო აღწერილობა ზუსტად უნდა ასახავდეს იმ ვალდებულებებსა და მოლოდინებს, რაც თანამშრომლის მიმართ არსებობს. შესაბამისად, ინდივიდუალური სამუშაო აღწერილობის მიხედვით შეფასების განხორციელებისას, მენეჯერს საშუალება აქვს, თანამშრომელს მაქსიმალურად მის როლზე მორგებული უკუკავშირი მისცეს.

გუნდური შეფასება – აღნიშნული მიდგომა, კომპანიის შედეგების მართვის შედარებით ახალი კონცეფციაა, რაც გულისხმობს, არა ინდივიდუალური მიზნების დასახვასა და ინდივიდუალურ შეფასებას, არამედ ამ ყველაფრის გუნდებთან მიმართებაში განხორციელებას. აღნიშნული მიდგომა, განსაკუთრებული გუნდური სულისკვეთების შექმნისა და გუნდების პოტენციალის სრულყოფის საშუალებას იძლევა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმატებული შეფასების სისტემის შექმნის წინაპირობა კომპანიის საჭიროებებისა და მიზნების გააზრებაა, რაზე დაყრდნობითაც, ზემოთ აღწერილი მეთოდებით ძალიან ეფექტიანი პრაქტიკის მიღებაა შესაძლებელი.

SavvY-ს ბიზნესის განვითარების გუნდის გამოცდილებით გიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, ეს პროცესი საინტერესოდ და შედეგიანად წარმართოთ:

სისტემა კომპანიის მიზნებსა და სასურველ კულტურას მოარგეთ – გუნდთან ერთად იმსჯელეთ, თქვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, რა მიზნის მიღწევა გსურთ კომპანიაში შეფასების სისტემით. როგორი კულტურა გსურთ, რომ შეფასებით წაახალისოთ, ან ხომ არ მიმდინარეობს კომპანიაში რამე მნიშვნელოვანი შიდა ცვლილებები, რომელთა გაძლიერებაც შეფასების სისტემითაა შესაძლებელი?

შექმნის პროცესში აუცილებლად უშუალო მენეჯერები ჩართეთ – თუ HR მენეჯერი, ან შეფასების სისტემის შექმნაზე პასუხისმგებელი პირი ხართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექმნის პროცესში გუნდების უშუალო მენეჯერები გყავდეთ ჩართული, ვინაიდან, მათ ყველაზე კარგად ესმით გუნდების თუ ინდივიდუალური საჭიროებები. ეს დაგეხმარებათ, შეიმუშავოთ საუკეთესო მეთოდი, რომლის მიმართაც წინასწარვე მაღალი მიმღებლობა იქნება კომპანიიდან.

ზრდაზე ორიენტირებული იყავით – სისტემა, რომელსაც შექმნით, აუცილებლად ზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული.  მსგავსი მიდგომა აამაღლებს თანამშრომლების მოტივაციასა და ჩართულობას. ასევე, კომპანიას საშუალებას მისცემს, ცხადად დაინახოს ის კომპეტენციები და უნარები, რომელთა თანამშრომლებში განვითარებაც გარკვეულ უპირატესობას შესძენს მას ბაზარზე.

უკუკავშირზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმა დასახეთ – დარწმუნდით, რომ ყველა თანამშრომელი შეფასების პროცესს კონკრეტული სამოქმედო გეგმით ტოვებს. ეს ხელს შეუწყობს ხელმძღვანელსა და დაქვემდებარებულს შორის მენტორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას და ასევე თავად თანამშრომლისთვისაც ცხადს გახდის იმ მოლოდინებს, რაც მიმართ არსებობს.

თანამშრომელთა შეფასება HR სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს პროცესი კომპანიის სტრატეგიული მიზნების მიღწევის აუცილებელ წინაპირობებს ქმნის. თანამშრომელთა შეფასების პროცესის გასამარტივებლად სხვადასხვა ციფრული პლატფორმები არსებობს (მაგალითად, Time SavvY), რომლებიც ამარტივებს გუნდის თითოეული წევრის მიერ დახარჯულ დროზე თვალყურის მიდევნებას. შესაბამისად, მარტივდება თანამშრომელთა შეფასების და უკუკავშირის პროცესი და კომპანიის მენეჯმენტს შეუძლია მუდმივად ადევნოს თვალი შესრულების შესაბამისობას კომპანიის სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან.