Business Plan

ბიზნესგეგმა არის ფორმალური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს დეტალებს ბიზნეს კონცეფციის შესახებ და იმ სტრატეგიების აღწერას, რაც ხელს შეუწყობს მოცემული ბიზნესის ზრდას. ბიზნესგეგმა განიხილება როგორც გადამწყვეტი დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, როდესაც გსურთ თქვენი იდეის გაზიარება კერძო ინვესტორთან, ფინანსურ ინსტიტუტთან ან სხვა დაინტერესებულ მხარეებთან იმის დასამტკიცებლად, რომ თქვენ მზად ხართ ბიზნესის წამოწყებისთვის.

ზოგადად, ბიზნესგეგმა შედგება სამი მნიშვნელოვანი ნაწილისგან. ესენია: ბაზრის კვლევა, ბიზნეს მოდელი და ფინანსური მოდელი. ბაზრის კვლევის ფარგლებში ხდება პროდუქტზე ან მომსახურებაზე არსებული მოთხოვნის და ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არსებული შეთავაზებების (მიწოდების) ანალიზი, ბაზარზე არსებული კონკურენტების გამოვლენა და მათი შესწავლა. ბიზნეს კონცეფცია და ბიზნეს მოდელი არის ის ნაწილი, სადაც აღწერილია უშუალოდ პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა პროექტის განხორციელების მიზანი, გეოგრაფიული არეალი, წარმოების ტექნოლოგია, მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები, მარკეტინგული სტრატეგია, ფასწარმოქმნა და გაყიდვების გზები და სხვა. ფინანსური მოდელი მოიცავს ინფორმაციას პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსურ რესურსებზე, დაგეგმილ შემოსავლებზე და ხარჯებზე, ასევე, პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვესტიციის შეფასებაზე სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით.

ქვემოთ ნახსენებია ის ძირითადი შემთხვევები, როდესაც კომპანიას დასჭირდება ბიზნეს გეგმის გამოყენება.

  • გაანალიზოთ თქვენს მიერ შეთავაზებულ პროდუქტზე ან მომსახურებაზე არსებული მოთხოვნა და მიწოდება. როგორც უკვე აღინიშნა, ბიზნესგეგმის განუყრელი ნაწილია ბაზრის კვლევა, რომელიც იძლევა ფინანსური მოდელისთვის სხვადასხვა დაშვებების შემუშავების საშუალებას. მაგალითად, როგორიცაა მოთხოვნა (გაყიდვების ან მომსახურების გაწევის რაოდენობა), საბაზრო ფასები, კონკურენტული უპირატესობა და სხვა.
  • გააანალიზოთ კონკურენცია ინდუსტრიაში და შეაფასო ბიზნეს კონცეფციის მიზანშეწონილობა. ბიზნეს კონცეფციის მიზანშეწონილობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, განისაზღვრება კონკურენციის დონით მოცემულ ინდუსტრიაში. აქედან გამომდინარე, ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი გადამწყვეტია სხვადასხვა სტრატეგიის დასახვისას ინდუსტრიაში კონკურენციის დასაძლევად.
  • აღწეროთ კომპანიის ბიზნეს მოდელი წერილობით ფორმატში. ბიზნესგეგმა შეიცავს ბიზნეს მოდელს, რომელიც გთავაზობთ ჩარჩოს, თუ როგორ იმუშავებს ბიზნესი მოგების მისაღებად. პრაქტიკაში, იგი მოიცავს „შეთავაზებულ ღირებულ წინადადებას“; ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნეს პროცესების აღწერას, წარმოების ტექნოლოგიას და სხვა.
  • მოახდინოთ შემოსავლების წყაროების იდენტიფიცირება. სხვადასხვა მოდელის გამოყენება შესაძლებელია ღირებულების ჯაჭვის გასაანალიზებლად და შემოსავლის წყაროების შესაფასებლად, რაც დაგეხმარებათ გამოავლინოთ ის ძირითადი მიმართულებები ან საქმიანობები, რაც თქვენი ბიზნესის შემოსავლის მთავარი წყაროა და დაგეგმოთ თქვენი საქმიანობის გრძელვადიანი სტაბილურობა.
  • მოიზიდოთ სხვა პარტნიორები. ზოგიერთ ბიზნესს შეიძლება დასჭირდეს უზარმაზარი კაპიტალი მის შესაქმნელად. ფინანსებზე წვდომის მიზნით, ბიზნეს იდეის მფლობელს შეუძლია აირჩიოს პარტნიორობა სხვა მხარეებთან, როგორიცაა ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფონდები. დაინტერესებული პარტნიორები აუცილებლად მოითხოვენ ბიზნესგეგმას, რათა მიიღონ დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს შემოთავაზებული ბიზნესი. დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებიც ასევე მოითხოვენ დეტალურად გაწერილ ბიზნეს გეგმას.