
ფინანსური დირექტორის პოზიციას, რომელსაც ხშირად CFO-ს სახელით მოვიხსენიებთ, ბიზნეს საქმიანობაში უჭირავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, რომლის პასუხისმგებლობაც ფინანსური მიზნების სწორად ინტერპრეტირება, დაგეგმვა, ანალიზი და განხორციელებაა.
თავისთავად ცხადია, რომ ბიზნეს იდეის განხორციელების ალბათობა ბევრად მაღალია, როდესაც სწორად არის დათვლილი და შეფასებული მისგან მოსალოდნელი ფინანსური სარგებელი. ასევე, ყოველდღიურ საქმიანობაშია აუცილებელი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ ფინანსურ შედეგების შეფასება, რაც CFO-ს ფუნქციებს წარმოადგენს.
CFO-ს როლი თავის თავში მოიაზრებს: ბიუჯეტირებას, ფულის კონტროლს, აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლს, ფინანსური ანგარიშგების ანალიზს, მენეჯერებისთვის ფინანსური შედეგების გაზიარებასა და გააზრებაში დახმარებას, სტრატეგიული მიზნების ფინანსური შედეგების პროგნოზირებასა და ამ მიზნების განხორციელების ფინანსურ კონტროლს.
დროთა განმავლობაში CFO-ს პოზიცია დაიხვეწა და უფრო მეტი ფუნქციები შეიძინა, გახდა უფრო მეტად მორგებული და მოქნილი ბიზნეს საქმიანობისთვის. CFO-ს როლის ზრდასთან ერთად გაჩნდა ეგრეთ წოდებული CFO Outsource.
CFO Outsource არის ფინანსური ექსპერტი (შეიძლება იყოს ერთი ადამიანი ან ადამიანთა გუნდი), რომელიც კომპანიებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს ყოველგვარი ფინანსური მომსახურებით.
CFO Outsource უმეტესად მიმართავენ კომპანიები, ვისაც სურს რომ საკუთარი შიდა რესურსები მხოლოდ ძირითად საქმიანობას მოახმაროს და კომპეტენტურ გუნდს ჩააბაროს სხვა ადმინისტრაციული მიმართულებები. მსგავსი ტიპის კომპანიებისთვის უფრო მოსახერხებელია კომპანიის გარეთ მოძიებული ფინანსური მენეჯერი ან მენეჯერთა გუნდი, რომელიც აერთიანებს დარგის ექსპერტიზას, რადგან იგივე კვალიფიკაციის მქონე მენეჯერის ან გუნდის განვითარება კომპანიის შიგნით სრულ განაკვეთზე, ხშირ შემთხვევაში, უფრო დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული.
CFO Outsource -ს როლი კომპანიაში არის შემდეგი:
- დამკვეთი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თვალყურის დევნება და პერიოდული განახლება
- ბიუჯეტის შედგენაში მხარდაჭერა
- ფინანსური პროგნოზების შედგენა და გაზიარება
- კომპანიის KPI-ს გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება
- სამომავლო ზრდის გეგმების დასახვა
- ფინანსური ანგარიშგების შეფასება და გადახედვა, ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი მოგვარების ეფექტური გზების მოძებნა
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა და შიდა დოკუმენტების შედგენა
- რეკომენდაციების გაცემა ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
- პროექტების ჭრილში ფინანსური მოდელირება: ინვესტიციის მიზანშეწონილობის შეფასება, პროექტის განვითარების ალტერნატიული სცენარების და სენსიტიურობის ანალიზი
- მხარდაჭერა დაფინანსების სტრუქტურის შემუშავებაში.
CFO Outsource ასევე ეფექტურად ეხმარება კომპანიას დამატებითი დაფინანსების მოზიდვაში, კაპიტალის შევსებაში, ბანკებთან და დაფინანსების სხვა წყაროებთან ურთიერთობაში. CFO Outsource -ს გამოყენება, როგორც წესი ამცირებს დამატებითი ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებულ არამარტო ფინანსურ ხარჯებს, არამედ დროით რესურსთან დაკავშირებულ ხარჯებსაც.
მთავარი უპირატესობა, რომელიც CFO Outsource -ს გააჩნია, არის ნაკლები დანახარჯები, ხელმისაწვდომობის ზრდა და მეტი მოქნილობა და მეტი ექსპერტიზის მობილიზება. გარდა ამისა, ვინაიდან CFO Outsource -ები არ მონაწილეობენ კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ გააჩნიათ უნარი ახლებურად გაეცნონ კომპანიის ციფრებს და ობიექტურად შეაფასონ ფინანსური მდგომარეობა.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ CFO Outsource სერვისით და ყველა იმ უპირატესობებით, რომლებიც თან ახლავს აღნიშნულ სერვისს, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ საკითხებს:
- თქვენი მიზნები – CFO მომსახურების მიმწოდებლები, როგორც წესი, გვთავაზობენ მრავალფეროვან მომსახურებას, თუმცა იმისათვის რომ თანამშრომლობა ეფექტური იყოს, წინასწარ განსაზღვრეთ ის პრობლემები, რის წინაშეც კომპანია დგას და ის შედეგები, რის მიღწევაც გსურთ. თქვენი მიზნების ცოდნა დაგეხმარებათ იცოდეთ რას ითხოვთ მომსახურების გამწევი კომპანიისგან.
- შესაბამისი გამოცდილება – კომპანიებს ბაზრებზე შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტების სხვადასხვა საზომი და დაგეგმვის განსხვავებული გამოწვევები. უპირატესობა მიანიჭეთ CFO-ს, რომელსაც თქვენი მსგავსი ტიპის კომპანიებთან აქვს მუშაობის გამოცდილება. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმ გუნდს, რომელიც CFO მომსახურების გაწევისთვის მოიაზრება. სხვადასხვა გამოცდილების მქონე რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი გუნდი ყოველთვის ეფექტურია რისკების მართვისას, ვიდრე ერთი ინდივიდი. და რაც მთავარია, ამ გზით თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება მაღალი კომპეტენციის მომსახურება CFO ფუნქციების შიდა რესურსით განხორციელებასთან შედარებით.